მოღვაწეობა საქართველოში
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ
და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.
1887 წელს, სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორმა, ალექსი
ჭიჭინაძემ იგი მიიწვია ლათინურის მასწავლებლად. 1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი
თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ბერძნულ და ლათინურ ენებს
ასწავლიდა. 80-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი რეაქციის წლები იყო: ქართული ენის
განდევნის, ქართული კულტურისა და ტრადიციის ამოძირკვის წლები. ამ უმძიმეს ჟამს ერის
სულიერი გადარჩენისა და განმტკიცების სადარაჯოზე თავგანწირვით იბრძოდნენ დიმიტრი ყიფიანი, ილიაჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, სერგეი მესხი და სხვანი, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მამულიშვილი იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმემ გიმნაზიაში მუშაობის დაწყებისთანავე მიიპყრო
ყურადღება ერის მაშინდელ სულიერ მოძღვართა წრეში და 1888 წელს, იგი შეიყვანეს „წერა-კითხვისგამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრად. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა
აღწერილობებს გაზეთ „ივერიაში“. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიისთვის. 1889 წელს დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა
და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. ექვთიმე
თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მუშაობის დაწყებიდან ერთ წელიწადში.
ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ,
კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და ათავსებდნენ მუზეუმში. თავად ექვთიმე წერს: „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე,
შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე
ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან
მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების
ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე... საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა
განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პიპრდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც
შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ
საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას აღარ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!..
არ იყო ხალხი, თითო - ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა
და გემო!.. რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია - წიგნების კითხვას,
ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება... თითქოს გვყავდა ინტელიგენცია,
მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა
და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას“. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს
სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა „სამუსულმანო საქართველოში“. ექსპედიციამ უამრავ
მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს.
ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხალის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური კითხვა, რკვევა და
დათარიღება. 1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და
გამოაქვეყნა „სამი ისტორიული ქრონიკა“, სადაც წარმოდგენილია - „მოქცევაი ქართლისაი“,
“სუმბატის ქრონიკა“ და „მესხური მატიანე“.
ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ
სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვლმა გამოსცა „ახალი ვარიანტი
წმ. ნინოს ცხოვრებისა, ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის
უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი.
ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის
მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით
და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, “თამარიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“,
თეიმურაზ პირველის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა
და სხვა მრავალთა ხელნაწერები. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ
აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა
შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი
24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“
ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე
მეფე გიორგი XI-ისთვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“.
ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა
გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანისა“,
რომელიც სიუჟეტური მინიატურებით
იყო დასურათებული. 1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან
თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებამ“
გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა კრებული. 1894 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ცოლად შეირთო ივანე პოლტარაცკის
ქალიშვილი ნინო (ივანე პოლტარაცკი, დედით ქართველი, ილია ჭავჭავაძის გიმნაზიის მეგობარი
იყო), რომელმაც სიცოცხლის აღსასრულამდე მაღალღირსეული სათნოებითა და გმირობით იარა
თავისი მეუღლის უმძიმეს ეკლიან გზაზე.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა
და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის
ხელმძღვანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ
სათავადაზნაურო გიმნაზიას. ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ
გამოკვლევებს. 1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა
საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო
1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ
კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან
ერთად მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები
და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს
ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და
სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები.
ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი
ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი
ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისთვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა
საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული
საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო
და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების
ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო
1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ
ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე
თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“.
იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს
ავტოკეფალიის აღდგენისთვის და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული
უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნვერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა.
ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს
თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს
სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს
საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა
მიატოვა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ
დაიპყრო. მენშევიკური მთავრობა გარბის ქვეყნიდან, გარბის და თან მიაქვს განძი საქართველოსი.
განძი, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ამდენი ოფლი, სისხლი და ცრემლი აქვს დაღვრილი
ექვთიმე თაყაიშვილს.
No comments:
Post a Comment