ცხოვრების ბოლო წლები

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს იგი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარსდგა თბილისის უნიერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნაპოვნი ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. მაგრამ ექვთიმეს სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. საბჭოთა ხელისუფლებამ მას ბრძოლა გამოუცხადა - გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა. აი, ასე, ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ცხედარი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე. დაბადებიდან 100 წლის თავზე მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 1985 წელს რეჯისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია გახსნილი თავის მშობლიურ სოფელ ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 ანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა - ვაშნარის მუზეუმ - ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის  საიუბილეო წლად გამოცხადდა. პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ მიესადაგება ექვთიმე თაყაიშვილის სახელს. მან ისე გალია ცხოვრების გზა, რომ დღისითა თუ ღამით, სიტყვითა თუ პრაქტიკული საქმიანობით გამსჭვალული იყო ერთადერთი იდეით, ერთადერთი მისწრაფებით, რაც შეიძლება მეტი სამსახური გაეწია თავისი სამშობლოსათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა თვალსაჩინო კვალი დატოვა მეცნიერებაში, წილად ხვდა გამოსდგომოდა თავის საყვარელ სამშობლოს და გამხდარიყო მისი ერთ - ერთი ბურჯთაგანი, ქომაგი და მხსნელი. ჩვენ შევეცადეთ მასალები წარმოგვედგინა და გადაგვეშალა ექვთიმე თაყაიშვილის რთული ცხოვრება, მისი მრავალფეროვანი მოღვაწეობა და ამ მოღვაწეობის ეროვნული მნიშვნელობა. და ახლა, როცა ამ თემაზე ვმუშაობდით,გავაცნობიერეთ რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვალში ვართ დიდი წინაპრის წინაშე, და იქნებ სწორედ ჩვენს თაობას დააკისროს ბედმა ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის და ცხოვრების სიღრმისეულად აღნუსხვა. ჩვენ  ხომ  მხოლოდ ლოცვით შევეწევით ამ დიდი ადამიანს და ეს ლოცვა ძალას გვმატებს. და ბოლოს, ამაყად ვაცხადებთ, რომ  ტვირთი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა იტვირთა, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, მხნედ და პატიოსნად ატარა. მთელი მისი ცხოვრება - ერთი დიდი სკოლაა სიყვარულისა, მადლისა და ჭეშმარიტებისა.

No comments:

Post a Comment