ახალგაზრდობის წლები

ექვთიმე თაყაიშვილი გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ექვთიმეს მამა რუსეთის ჯარში მსახურობდა - თურქეთის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა - ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.


მოწამებრივი ცხოვრებით სვლა ბედად დაჰყვა ახალშობილ ყრმას. დაბადებიდან მეხუთე  დღეს მოუკვდა მამა და მამის სიყვარულთან უზიარებელი დარჩა. მეხუთე წელს დედაც გარდაეცვალა. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს. მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. თავად ასე იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ცუდად  შეხორცებული ფეხი საგრძნობლად დაუმოკლდა და სამუდამოდ კოჭლი დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა ერცხვინებოდათ...“ ფეხის დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა. ექვთიმე ნიჭიერი და სწავლისმოყვარე ბავშვი იყო.  7 წლისა, მის ბავშვობაში პირველად  „საგარეო ტანსაცმლით“ მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ ფოთში გადავიდა და იქ სამაზრო სასწავლებელში ერთი წელი ისწავლა. 1876 წელს კი უფროსმა ძმამ, ნიკომ, წაიყვანა ქუთაისში. იქ, ხელმოკლეობით, სანახევროდ შიმშილ-წყურვილით ისწავლა, იშრომა და ჯერ პროგიმნაზიაში ჩაირიცხა, ხოლო 1879  წელს კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. იმავე წელსვე რაჭაში, სოფელ უწერაში წავიდა, იქაურ წყლებზე ფეხის სამკურნალოდ. თან რაჭის ისტორიული ძეგლები შეისწავლა, ეთნოგრაფიული მასალები გამოიკვლია და მათ საფუძველზე, 1880-1881 წლებში ჟურნალ  “ბედში“ გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული შრომა - „ქუთაისიდან უწერამდე“. გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. გიმნაზიაში ექვთიმე თაყაიშვილი დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ნიკო მარს. მან გიმნაზია დაამთავრა ვერცხლის მედალზე 1883 წელს. სწავლა ექვთიმემ გააგრძელა პეტერბურგის უნვერსიტეტში. „მე იმთავითვე მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე მოსკოვი...“ 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ - ლათინურ ენათა განხრით.  ქართველ სტუდენტებს ძლიერი სათვისტომო ჰქონდათ პეტერბურგში. მათი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი იყო საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ახალგაზრდა ქართველთა ამ აზრობრივ ერთობას კვლავ ერქვა „თერგდალეულობა“, რომლის სულისჩამდგმელი და წარმმართველი იყო ილია ჭავჭავაძე. ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში პირადად გაეცნო ჯერ ილიას, შემდეგ ვაჟა-ფშაველას, ხოლო აკაკის ქუთაისიდან იცნობდა კარგად. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ - ფილოლოგიური განათლებით, საკანდიდატო ნაშრომიც დაიცვა და  1887 წელს საქართველოში დაბრუნდა.


No comments:

Post a Comment